top of page

მანანა სტენლი - სიახლეები ბრიტანეთიდან

დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევების თანახმად კორონავირუსით ბევრად უფრო ხშირად ინფიცირდებიან 50-60 წლის მამაკაცები. ბრიტანეთის საავადმყოფოებში მოხვედრილი პირების სტატისტიკის მაჩვენებლები მიანიშნებს რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების საშუალო ასაკი 60 წელია და პაციენტების უმეტესი რაოდენობა არიან მამაკაცები, რომლებსაც სხადასხვა თანმხლები დაავადებები აღენიშნებათ. ამ მხრივ მკვლევარები განსაკუთრებით გამოყოფენ გულსისხლძარღვთა დაავადებებს და სიმსუქნეს. სიკვდილიანობა იზრდება ასაკთან ერთად, ამავე დროს მამაკაცებში ის უფრო მაღალია ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.
პროფესორი იან ჰალი ნოთინგემის უნივერსიტეტიდან არ ეთანმხმება ჩინელი ექსპერტების აზრს, რომ მამაკაცებში კორონავირუსით გამოწვეული მძიმე გართულებები თუ სიკვდილიანობა შეიძლება დაკავშირებული იყოს თამბაქოს მოწევის მავნე ჩვევასთან, „მე არ ვარ დარწმუნებული რომ ეს განსხვავება შეიძლება მხოლოდ მოწევით აიხსნას“ – ამბობს პროფესორი, აქ სხვა ფაქტორებიც არის გასათვალისწინებელი. აღსანიშნავია რომ მამაკაცებში უფრო ხშირია ისეთი დაავადებები როგორიც გახლავთ გულსისხლძაღვთა და ფილტვის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი. არსებობს მოსაზრება რომ გენები და ანდროგენული ჰორმონები შეიძლება ასევე თამაშობდნენ გარკვეულ როლს.
ასევე საინტერესოა ოქსფორდის უნივერსიტეტეის პროფესორის, იმუნოლოგიის ექსპერტის ფილიპ გოულდერის მოსაზრება, რომელიც აღნიშნავს, რომ უფრო და უფრო მეტი სპეციალისტი აღიარებს მნიშვნელოვან განსხვავებას ქალისა და მამაკაცის იმუნურ სისტემებს შორის. ეს თავის მხრივ დიდ გავლენას ახდენს ფართო სპექტრის ინფექციური დაავადებების გამოსავალზე. „როგორც წესი იმუნური რეაქცია ვაქცინაზე, ისევე როგორც ინფექციურ დაავადებებზე, უფრო აგრესიულად და უფრო ეფექტურად მიმდინარეობს ქალების შემთხვევაში“ ამბობს პროფესორი. ეს კი თავის მხრივ შეიძლება აიხსნას იმ ფაქტით, რომ ქალებს გააჩნიათ ორი X ქრომოსომა, მაშინ როდესაც მამაკაცებს აქვთ მხოლოდ ერთი (მეორე როგორც ვიცით გახლვთ Y ქრომოსომა). თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ადამიანის ორგანიზმში არსებული ძალზედ მნიშვნელოვანი იმუნური გენები სწორედ X ქრომოსომაშია, ეს ყველაფერი უფრო გასაგები ხდება.
ბრიტანელი სპეციალისტები ასევე გვთავაზობენ მამაკაცებისთვის საყურადღებო სტატისტიკას:
• უფრო მეტი მამაკაცი ეწევა ვიდრე ქალი, ამავე დროს მამაკაცები უფრო მეტს ეწევიან;
• მამაკაცები ასევე მიირთმევენ უფრო მეტ მარილს ქალებთან შედარებით და ახალ ან პროცესირებულ ე.წ. წითელ (საქონლის, ცხვრის, ღორის) ხორცს;
• მამაკაცები მიირთმევენ ცოტა ხილს და ბოსტნეულს;
• მამაკაცები უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმარენ ვიდრე ქალები და მათ მერ მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობა ჯანმრთელობისთვის საშიშია.
მართალია ეს გახლავთ სტატისტიკა ბრიტანეთიდან, მაგრამ ჩემი აზრით, ამ მონაცემთა უმეტესობა ადვილი შესაძლებელია ვრცელდებოდეს ქართველ მოსახლეობაზეც, თუმცა უმჯობესია ეს ყოველივე კვლევებით დადასტურდეს.

მანანა სტენლი - სიახლეები ბრიტანეთიდან
bottom of page