top of page
Search
Writer's pictureGNS

GNS' inception story features in prestigious magazine

Updated: Mar 26, 2020

სტატია სნს-ს შესახებ ცნობილ ჟურნალში მოხვდა

Dr Manana Stanley, President of the Georgian Nutrition Society was invited to contribute an article to the Nutrition Society Gazette about the creation of the GNS, its mission and future plans.



დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებამ სნს-ის პრეზიდენტს მანანა სტენლის მათი ჟურნალისთვის სნს-ის შექმნის, მისი მისიისა და გეგმების შესახებ სტატიის დაწერა შესთავაზა



ღია ბარათი საქართველოდან:

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დაარსების ისტორია

მანანა სტენლი, საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი


გავიზარდე საბჭოთა საქართველოში, სადაც დავამთავრე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი და იქვე დავიცავი დისერტაცია ნუტრიციოლოგიის განხრით.

1993 წელს ბრიტანეთის საკონსულოს გრანტის მიღების შემდეგ ჩამოვედი გაერთიანებულ სამეფოში, კემბრიჯის უნივერსიტეტის დანის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტში ნუტრიციოლოგიის დარგში ახალი მეთოდოლოგიების შესასწავლად და სამეცნიერო პროექტის განსახორციელბლად. ამ პერიოდში შევხვდი ჩემს მეუღლეს და საცხოვრებლად გადმოვედი აქ.

გრანტის დამთავრების შემდეგ მუშაობა გავაგრძელე ჯერ კემბრიჯში, დანის ნუტრიციოლოგიის დეპარტამენტში მეცნიერ მუშაკად და შემდეგ სარის უნივერსიტეტის ბიომედიცინის მეცნიერებათა სკოლაში - მკვლევარად.

ყოველთვის მქონდა სურვილი ბრიტანეთში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება გამომეყენებინა და ჩემი წვლილი შემეტანა საქართველოში ნუტრიციოლოგიური მეცნიერების განსავითარებლად, მითუმეტეს რომ ეს გახლდათ ბრიტანეთის საკონსულოს გრანტის თავდაპირველი მიზანიც.

საბჭოთა კავშირის ნგრევამ და ეკონომიკური კოლაფსმა სერიოზული ზიანი მიაყენა საქართველოში საგანმანათლებლო და სამეცნიერო საქმიანობას. ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და გლობალური მასშტაბით ნუტრიციოლოგიისა და ნუტრიციოლოგიური მეცნიერებების მნიშვნელობის გაზრდამ ინტერესი ამ დარგის მიმართ მნიშვნელოვნად გაზარდა და როგორც მოსახლეობის ასევე სამთავრობო სექტორის აქტიური ინტერესი გამოიწვია.

2017 წელს მე მივმართე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნუტრიციოლოგთა საზოგადოებას საქართველოში ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დაარსებისა და ნუტრიციოლოგიური მეცნიერებების განვითარების ხელშეწყობისთვის დახმარების თხოვნით. ამის შედეგად 2018 წლის სექტემბერში თბილისს ეწვია გაერთიანებული სამეფოს მეცნიერთა დელეგაცია რომელმაც მონაწილეობა მიიღო მათი მხარდაჭერით ჩატარებულ სამეცნიერო სიმპოზიუმში.

აქვე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო მარკ ჰოლინგსვორს, ნუტრიციოლოგთა საზოგადოების აღმასრულებელ დირექტორს მისი წვლილისთვის აღნიშნულის განხორციელებაში. სიმპოზიუმის ძირითადი თემატიკა მოიცავდა ნუტრიციოლოგიისა და კიბოს ურთიერთკავშირის საკითხებს და მასში მონაწილეობა მიიღეს როგორც ქართველმა ასევე ბრიტანელმა მეცნიერებმა. დამსწრე აუდიტორიამ ექიმებმა, აკადემიურმა პერსონალმა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს სიმპოზიუმის მაღალი აკადემიური ხარისხი. სიმპოზიუმის ფარგლებში ასევე მოხდა საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების დაარსების იდეის წამოყენება რომელიც უკვე განხორციელდა 2019 წლის იანვარში. ამჟამად საზოგადოება 50-ზე მეტ წევრს ითვლის, მმართველი საბჭოს ჩათვლით.

საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოება დიდ მადლობას უცხადებს სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო-ეკოლოგიის ინსტიტუტს აღნიშნული ინსტიტუტის ბაზაზე საზოგადოებისთვის მუდმივი ოფისის გამოყოფისთვის.

საზოგადოებამ ჩაატარა კონფერენცია 2019 წლის მაისში და ამჟამად ვგეგმავთ კონფერენციის ჩატარებას 2020 წლის თებერვალში. ვგეგმავთ ონლაინ ჟურნალის გამოცემას, ასევე ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების სატრეინინგო აკადემიასთან ( NSTA ) საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციის წევრებისთვის ვებინარების ჩატარებასთან დაკავშირებით.

2020 წლის კონფერენციის ფარგლებში საზოგადოების წევრებისა და ფართო საზოგადოებისთვის ჩატარდება სემინარი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში კიბოს მართვის საკითხების შესახებ. საქართველოში კიბო გულსისხლძარღვთა დაავადებების შემდეგ სიკვდილიანობის გამოწვევის მხრივ მეორე ადგილზეა. ქართველი ნუტრიციოლოგების დიდი გამოწვევა გახლავთ მოსახლეობაში სიმსუქნისა და დიაბეტის გავრცელების ზრდადი ტენდენციები ისევე როგორც საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჯანმრთელი კვებისა და ცხოვრების სტილის შესახებ.

საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაციას ბევრი ამბიციური გეგმა აქვს, თუმცა კვლავ რჩება მრავალი საკითხი რომელიც გადასაჭრელია. მათ შორის, საგანმანათლებლო და აკადემიური კურსების დანერგვა, საკანონმდებლო რეგულაციების შემუშავება, ტრადიციული ქართული კერძების ჯანმრთელობაზე მოქმედი სასარგებლო ეფექტების იდენტიფიცირება და შესწავლა, ეთიკური კომიტეტების განვითარება.

სამწუხაროდ, აჟამად საქართველოში არ არსებობს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები ნუტრიციოლოგიასა და დიეტოლოგიაში, შესაბამისად მრავალ დაინტერესებულ ახალგაზრდას უწევს განათლების საზღვარგარეთ მიღება. საქართველოს ნუტრიციოლოგთა ასოციაცია აწარმოებს მოკვლევას შესაბამისი სასწავლო კურსების შემუშავების შესახებ, ამასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები სარის უნივერსიტეტთან შესაძლო სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ჩვენ კარგად გვესმის რა მასშტაბის გეგმები გვაქვს დასახული და ვიცით რომ მათი განხორციელება არ იქნება ადვილი, მაგრამ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ დავაინტერესებთ ქართველ ახალგაზრდობას. აღსანიშნავია რომ მათ უკვე გამოიჩინეს ძლიერი ინტერესი ნუტრიციოლოგიისა და საქართველოს ნუტრიციოლოგთა საზოგადოების მიმართ. ჩვენ გვსურს მათ მივცეთ საშუალება მიიღონ სერიოზული განათლება ნუტრიციოლოგიის განხრით, რაც მათ დაეხმარებათ მონაწილეობა მიიღონ სამეცნიერო კვლევებში და ამ კვლევების უფრო მაღალ საფეხურზე აყვანაში როგორც ქვეყნის შიგნით, ისე - მის მიღმა.

72 views0 comments

Recent Posts

See All

Comments


bottom of page